ახალი ამბები
საგარეო უწყება: Tok Tok - ზე არსებული ხარვეზი აღმოფხრვილია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ ერთეულებად არ მოიხსენებიან
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მაისის დასაწყისში ქართველმა ინტერნეტ - მომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ Tik Tok - ზე დარეგისტრირების დროს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მითითებული იყო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები.  საგარეო უწყებამ და ჩინეთში საქართველოს საელჩომ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა.

"გაიმართა შეხვედრები თბილისსა და პეკინში. მათ შორის, ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას. აღნიშნული ხარვეზის გამო მათ ბოდიში მოიხადეს და პირობა მოგვცეს, რომ მალევე გამოასწორებდნენ შეცდომას", — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების და ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე.

"არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია", - აცხადებენ უწყებაში.

Tik Tok სოციალურ პლატფორმაა, რომელზეც მოკლე ვიდეორგოლების დამზადება და გამოქვეყნებაა შესაძლებლი. ის 2015 წელს ჩინურმა კომპანია ByteDance -მა ჩაუშვა.






Print