ახალი ამბები
გიორგი გახარიამ პარლამენტში რუხის კლინიკაზე ისაუბრა
როგორც რუხის კლინიკა, ისევე გორის ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

"მინდა შევეხო კიდევ ერთ ძალზედ დელიკატურ საკითხს. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიები. არ მინდა ახლა ამით სპეკულირება, ვიტყვი მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ფაქტს. რუხის კლინიკა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა ის ღონისძიება და ყველა ის სერვისი, რომელსაც საქართველოს მთავრობა აწვდის თავის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს არ არის და არ იყო მარტივი. მესმის, რომ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამისთვის გვქონდა სრულად მობილიზებული, როგორც რუხის კლინიკა, ისევე გორის ჰოსპიტალი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

პრემიერის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს.

Print