ახალი ამბები
რუხის საავადმყოფო: კოვიდ-დადასტურებული ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში ამ ეტაპზე 11 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 4 კოვიდ-დადასტურებული პირია, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

"რამდენიმე მათგანი უახლოეს დღეებში გაეწერება. რჩება 4 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი, მათ შორის სამი მოზარდი. ყველა მათგანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა. ჩაუტარდათ შუალედური ტესტირება, აღმოაჩნდათ სუსტად დადებითი, 4-5 დღის შემდეგ გავიმეორებთ ანალიზებს. ზოგადად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- გვითხრა მან.

ქარცივაძის განმარტებით, ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვა მსგავსი ტიპის კლინიკებში, ახალი განკარგულებით, რუხის საავადმყოფოში ტრაილერის მძღოლებს კორონავირუსზე სწრაფი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე, ისე ანტიგენზე ჩაუტარდებათ.

"სახელმწიფომ გამოყო რამდენიმე კლინიკა, სადაც ტრაილერის მძღოლებს სწრაფი ტესტები რეგულარულად ჩაუტარდება, როგორც ანტისხეულებზე, ისე ანტიგენებზე. ჩვენი კლინიკა ჩაერთო ამ ამბავში, გუშინ იყო პირველი მომართვიანობა, 5 ტრაილერის მძღოლი იყო შემოსული და 5-ივე უარყოფითი პასუხებით გავისტუმრეთ შესაბამისი ცნობებით", - აღნიშნა ქარცივაძემ.   

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი.

Print