ახალი ამბები
"ფოთი ტექსტილის" 56 თანამშრომელს Covid-19 დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში შპს "ფოთის ტექსტილის" 400 თანამშრომლის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან 56 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, ყველა ინფიცირებული უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 

"სულ რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 91 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 33 შემთხვევა ზუგდიდში, 1 აბაშაში, 56 კი ფოთში, საწარმოში გამოვლინდა. 1 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია", - თქვა თორიამ. 

ამავე ცნობით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა დღეისთვის 253-ს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 14 პირი. საკარანტინო სივრცეში 137 ადამიანი რჩება.
Print