ახალი ამბები
ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება
პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან.

"ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან. ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება. მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი", – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ასევე, მისი ინფორმაციით ხვალიდან მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ შეზღუდვას დაარღვევენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. 


Print