ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა
11 დეკემბრის მონაცემებით, აფხაზეთში 537 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 119-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ორი პაციენტი. მათ შორის ერთი, 62 წლის ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. ხოლო 74 წლის ქალი მობილურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 76 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 20-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, მათგან ორი მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 25 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 49 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7043 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 95, გამოჯანმრთელდა 5126 ადამიანი.


Print