ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 421 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 98-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 63 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 98 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 59 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7 602 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 101, გამოჯანმრთელდა 5 655 ადამიანი.


Print