ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 114 პირი
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 529 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 114-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 2 პაციენტი. 65 წლის მამაკაცი გუდაუთის ინფექციურში გადიოდა მკურნალობის კურსს, 63 წლის ქალი კი მობილურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. 

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 98 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 38-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35, გაგრის საავადმყოფოში 43, ტყვარჩელის კლინიკაში 18, ხოლო ოჩამჩირის ცენტრალურ კლინიკაში 22 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 43 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8 350 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 107, გამოჯანმრთელებული კი 6 686 ადამიანი.




Print