ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 56 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 21, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 7, ტყვარჩელში - 5, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 23 პაციენტი იმყოფება.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, აფხაზეთში კორონავირუსის 12 145 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 11 775, გარდაცვლილია - 193 ადამიანი.

15 თებერვლიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. სკოლების დაწყებით კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი განახლდა, ასევე მუშაობა აღადგინა კულტურის დაწესებულებების ნაწილმა. კაფე - ბარები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ, სანიტარული ნორმების დაცვით.

კორონავირუსის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 თებერვალს მოაწერა ხელი. პანდემიის გამო, სოხუმმა დამატებითი შეზღუდვები 15 ოქტომბერს დააწესა და მას შემდეგ რამდენჯერმე გაახანგრძლივა.

Print