ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 27 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 182 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 27-ს Сovid –19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 89 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელის გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 50 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 41-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 26 პაციენტია მოთავსებული, მათგან 7 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 16 პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 17, ტყვარჩელში კი 3.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 102 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 208, გარდაიცვალა 227 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

აფხაზეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 13 მაისიდან აკრძალვები მოიხსნა მასობრივი, მათ შორის საზეიმო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, მკაცრდება დახურულ სივრცეში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.


Print