ახალი ამბები
ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება
პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდვითარების გაუარესება გახდა.

"მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება. შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს", - განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე ინფორმაციით ხვალიდან მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ შეზღუდვას დაარღვევენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. 

გარდა ამისა, მკაცრდება კონტროლი ქორწილის, ქელეხისა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე. პირველ შემთხვევაში კვების ობიექტი დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო გამეორებისას - დაილუქება.
Print