ახალი ამბები
84 ინფიცირებული და 4 გარდაცვლილი - სოხუმში დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებაზე მსჯელობენ
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 392 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით,გუდაუთის კლინიკაში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 4 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, სამი მამაკაცი - 57, 64 და 68 წლის და 71 წლის  ქალი. 

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 152 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 36 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 26, გაგრის კლინიკაში – 39, მათგან 12 - მძიმე მდგომარეობაშია,
ხოლო ტყვარჩელში 14.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ედუარდ ბუთბას განცხადებით, ეპიდსიტუაცია სტაბილურად მძიმეა, რის გამოც აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება, მათ შორის მასობრივი კულტურული და საზეიმო ღონისძიებების სრულად აკრძალვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და ბაზრების და კვების ობიექტების მუშაობის შეზღუდვა, წერს "ეხო კავკაზა".

12 აგვისტოს, საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე ბუთბამ თქვა, რომ მოსახლეობა არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, უსიმპტომო ინფიცირებულები კი მასობრივ ღონისძიებებს ესწრებიან და ვირუსს ავრცელებენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 23 387 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 340, გამოჯანმრთელდა 19 026 მოქალაქე.





Print