ახალი ამბები
ედუარდ ბუტბა - აფხაზეთში ეპიდვითარება საგანგაშოა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუტბას განცხადებით, ეპიდვითარება საგანგაშოა. ამის შესახებ, მან "მთავრობის" სხდომაზე განაცხადა, წერს "აფსნიპრესი". მისი თქმით, აფხაზეთში ყოველდღიურად Covid-19 - ით ინფიცირების 130- 140 შემთხვევა ვლინდება, პაციენტებში ჟანგბადის მოხმარება იზრდება, მისი შესყიდვა რუსეთის ფედერაციიდან კი სულ უფრო რთულდება.

ბუტბამ სოხუმში მდებარე ჟანგბადის სადგურის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"სასწრაფოდ გვჭირდება ჟანგბადის სადგური ახალ რაიონში, ის დღეში 100-150 ბალონს აწარმოებს და სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს საჭიროებებს მაინც დააფარავს", – განაცხადა მინისტრმა.

ამავე შეხვედრაზე, "პრემიერ - მინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ექიმები "შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, იმდენად დიდია დატვირთვა სამედიცინო დაწესებულებებზე".

"ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქორწილების შეზღუდვა. ექიმები ეპიდაფეთქებებს სწორედ მასობრივი ღონისძიებებს ჩატარების შემდეგ აფიქსირებენ. ეს არის სასტიკი კანონზომიერება. ჩვენ უნდა გავჩერდეთ, ცოტა ხნით გადავდოთ მსგავსი ღონისძიებები", - განაცხადა მან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 497 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი 89 და 83 წლის ქალი გარდაიცვალა, რომლებიც რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 31 194 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 450, გამოჯანმრთელდა 26 512 მოქალაქე.

Print