ახალი ამბები
სოხუმში რუსული "სპუტნიკ V - ის" 6 ათასი დოზა ჩაიტანეს
სოხუმში რუსული კოვიდსაწიმააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V - ის" 6 ათასი დოზა ჩაიტანეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, რუსული ორკომპონენტიანი პრეპარატით მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარე კვირაში დაიწყება.

უწყების თანახმად, ვაქცინების მიწოდებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია პირადად ხელმძღვანელობდა. მხარეებმა "სპუტნიკ V -ის" 30 ათასი დოზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

"სპუტნიკ V-ის" პირველი პარტია, 6 000 დოზა, აფხაზეთში აპრილის ბოლოს ჩაიტანეს. "სპუტნიკ ლაითის" 5 000 დოზა კი - აგვისტოში. "ჯანდაცვის სამინისტროს" ინფორმაციით, ამ დრომდე, აფხაზეთში 7 500 - მდე ადამიანია აცრილი.

სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 147 და ბოლო ორ დღეში, გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 343 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27756-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 488 პირი.

Print