ახალი ამბები
სოხუმში "ომიკრონის" შემთხვევები ჯერ არ დადასტურებულა
აფხაზეთში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის შემთხვევები ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის განცხადებით, 7 პირის ანალიზი, რომელთაც დაავადების არატიპიური დინამიკა აღენიშნებოდათ, სტავროპოლის ლაბორატორიაში გაგზავნეს სექვენირებაზე. მისივე თქმით, სინჯის პასუხს, მხოლოდ დღესასწაულების შემდეგ, 10 იანვრისთვის ელოდებიან, წერს "ეხო კავკაზა".

სპეციალისტის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული პაციენტები, მათ შორის, დაავადების მძიმე მიმდინარეობით.
საახალწლო დღესასწაულებმა აფხაზეთში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ჩაიარა, რეგულაციებს არც რესტორანში, არც ღია სივრცეში იცავდნენ მოქალაქეები. გამოცემის ცნობით, ამ დღეებში აფხაზეთში ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი შევიდა. შესაბამისად, აფხაზი მედიკოსები, უახლოეს პერიოდში, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

ბოლო მონაცემებით, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

აფხაზეთის კოვიდ კლინკებში სულ 135 პაციენტი მკურნალობს, მათგან 40 მძიმე მდგომარეობაშია.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 38227 შემთხვევა აღირიცხა, გარდაცვლილია - 561, გამოჯანმრთელდა - 30903 ადამიანი.



Print