ახალი ამბები
დღეიდან აფხაზეთში კულტურული და სპორტული დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
დღეიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, განახლდება კულტურული დაწესებულებების (კულტურის სახლები, თეატრები, საგამოფენო დარბაზები, მუზეუმები და და ბიბლიოთეკები) და სპორტული ობიექტების (სპორტული და ფიტნეს დარბაზები) მუშაობა. შესაბამის განკარგულებას აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია აწერს ხელს. თუმცა, შეზღუდვები ისევ მოქმედებს დახურულ სივრცეში სხვადასხვა საზეიმო (მათ შორის ქორწილების), სამგლოვიარო, თუ საქმიანი ღონისძიებების ჩატარებაზე.

ამასთან, სავალდებულოა ნიღბების ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოქალაქეებს ურჩევენ გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები. დამსაქმებლებს კი რეკომენდაცია ეძლევათ, გაათავისუფლონ 60 წელზე უფროსი ასაკის აუცრელი თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, ხელფასის შენარჩუნებით.

აფხაზეთში 956 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 477 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა, 67 წლის ქალი გუდაუთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 157 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 43 მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Сovid 19 - ით ინფიცირების 40875 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 35413, გარდაიცვალა 588 ადამიანი.



Print