ახალი ამბები
საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი რაგბის მატჩი გადაიდო
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს დაგეგმილი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება „რაგბი ევროპამ“ მიიღო.

„რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება“, - წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. აფეთქებების ხმა ისმის, რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის, კიევის ოლქის საზღვრის სიახლოვეს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 40-მდე უკრაინელი სამხედო და 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. 

Print