ახალი ამბები
სოხუმში „აფხაზეთ - ყირიმის“ ერთიანი ბიზნეს საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ
„აფხაზეთი და ყირიმი ერთიან ბიზნეს საბჭოს შექმნიან“, - ამის შესახებ, „სავაჭრო - ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში აფხაზეთ-ყირიმის მთავრობათაშორისი კომისიის“ თანათავმჯდომარემ, გეორგი მურადოვმა განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.

მისი თქმით, საბჭო დაეხმარება მეწარმეებს, რომ უშუალოდ მიაწოდონ ერთმანეთს პროდუქცია, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო იაფი გახდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხებოდა ქერჩში თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის საწარმოს ამოქმედებას, რომელიც აფხაზმა მეწარმეებმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვით ააშენეს. თევზის ფქვილი და თევზის ზეთი მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქტია, მაგრამ წარმოებას ვერ ვიწყებთ, რადგან ქერჩის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობა ახლა შეზღუდულია იმის გამო, რომ ყირიმის ხიდზე მუდმივად ხდება თავდასხმა. უნდა ვიპოვოთ გზები, რომ საწარმო ახლომდებარე აკვატორიების ხარჯზე ამოქმედდეს. აქ განვიხილეთ, სად შეიძლება ამ საწარმოსთვის თევზჭერის დაწყება და როგორ ვაწარმოოთ პროდუქცია“, - თქვა მურადოვმა.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხებიც განიხილეს.

„ყირიმის გემთმშენებელმა საწარმოებმა უკვე შეუკვეთეს კატამარანები და ჰიდროფოლები, რომლებსაც შეუძლიათ მგზავრების გადაყვანა დიდი სიჩქარით. ხალხს სურს ყირიმიდან აფხაზეთში და აფხაზეთიდან ყირიმში მგზავრობა. ეს შეიძლება გაკეთდეს ამ გემების საშუალებით. ველოდებით მათ აშენებას მომავალი წლის ბოლომდე. ვფიქრობ, ამ დროისთვის უსაფრთხოების ვითარება განსხვავებული იქნება“, - აღნიშნა მურადოვმა.

სოხუმში „აფხაზეთ - ყირიმის მთავრობათაშორისი კომისიის“ მე - 5 სხდომა გაიმართა, პირველი ასეთი შეხვედრა 2018 წელს შედგა.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთის მიერ ანექსირებულმა ყირიმმა თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“ 2016 წელს მოაწერეს ხელი.



Print