რეგიონი
ლტოლვილთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს დევნილთა სოციალურ - ეკონომიკურ ინტეგრაციას მათ საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მათი სახელმწიფო სუბსიდიაზე დამოკიდებულებიდან, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების გზით, თვითკმარობაზე გადასვლა.

2016 წლისათვის პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 250 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, როგორიცაა მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები.

საგრანტო პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებზე ვრცელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს მინისტრ სოზარ სუბარის მიერ შექმნილი საგრანტო კომისია, რომლის წევრებსაც სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტები წარმოადგენენ.

საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს და სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე: www.mra.gov.ge და www.livelihood.gov.ge , ასევე სამინისტროს და სააგენტოს Facebook გვერდებზე.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ღია კარის დღე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს 12:00 საათზე გაიმართება. ღია კარის დღეზე სამინისტროს და სააგენტოს თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდებიან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2016 წლის 7 მარტია.
Print