რეგიონი
მედიაკონკურის ერთ-ერთი გამარჯვებული „ათინათის“ ჟურნალისტი გახდა (ფოტო, ვიდეო)
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთისა“ და „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) ორგანიზებით, ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“ მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. კონკურსი პროექტის "სამართლიანი საზოგადოებისკენ" ფარგლებში ჩატარდა და მიზნად დევნილთა საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარების გზების წარმოჩენას ისახავდა.



„ჟურნალისტებმა გადაიღეს სიუჟეტები და მოამზადეს პუბლიკაციები, იმის თაობაზე თუ რა კონკრეტული საჭიროებები არსებობს დევნილთა ჩასახლებებში. ეს არ იყო მხოლოდ პრობლემების წარმოჩენა, ეს იყო მათი მოგვარებისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მედიადვოკატირებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ.



კონკურსში ქვეყნის მასშტაბით სულ 18 მასალა მომზადდა, რომელთა შორის ჟიურიმ სამი რჩეული გამოავლინა. პირველი ადგილი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა სოფო მთივლიშვილმა მოიპოვა, მეორეზე რადიო "მოზაიკის" ჟურნალისტი გვანცა დოლუაშვილი გავიდა. მესამე ადგილის მფლობელი რადიო „ათინათის“ ჟურნალისტი სალომე ფაცაცია გახდა.



გამარჯვებულ კონკურსანტებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცეს.




აღნიშნული ღონისძიებას ჟურნალისტისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, შესაბამის კანონმდებლობაზე, მიმდინარე რეფორმებზე, განსახლების კომპონენტზე და დევნილთა პრობლემებზე ჩატარებული ტრენინგი უძღოდა წინ. მათ ასევე დევნილთა დასახლებებში სტუმრობისა და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

Print