რეგიონი
ანაკლია ტურიზმის განვითარების რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიებას USAID Zrda-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახსნიან. სიმპოზიუმის მიზანია განსაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები და დაადგინოს პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის სიმპოზიუმი რეგიონის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა, რომელიც წლის ბოლომდე ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციად (DMO) ჩამოყალიბდება. მოდელი ფოკუსირებულია აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურულ ტურიზმზე და პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე.

რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციას.

USAID/Zrda-ს ძალისხმევის შედეგად, პროექტის სამიზნე რეგიონებში მდებარე 415-მა საოჯახო სასტუმრომ და კაფე/რესტორანმა, მათ შორის 207-მა სამეგრელო-ზემო სვანეთში ისარგებლა ციფრული მარკეტინგის ტრენინგებით და დარეგისტრირდა Booking.com-ზე, Airbnb.com-ზე და TripAdvisor-ზე. Zrda-ს მხარდაჭერით, სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდა საინფორმაციო და მედია ტურები, გაიზარდა რეგიონებში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა და ვიზიტორ-დამსვენებლის მაჩვენებელი.
Print