საზოგადოება
პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
თბილისში მცირეწლოვანი ბავშვის მიერ პიროტექნიკის გადაყლაპვის შემდეგ ინტერნეტში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც ასაფეთქებელი ნივთიერებების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეადგინა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
რადიო „ათინათი“ პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. „სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით“ ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი, სხვადასხვა ასაკის პიროვნება. უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქებები აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები.

აღნიშნული, სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად“, - ნათქვამია პეტიციაში“, - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს უკვე 2000-მდე ადამიანი აწერს.

10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში დოკუმენტი პარლამენტს, პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

ეს არის გვერდი,სადაც მსურველებს ხელის მოწერა შეუძლიათ
Print