საზოგადოება
პრემიერი: „მალე შემოვა უახლესი თაობის პრეპარატი "ჰარვონი"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი „ჰარვონი“ შემოვა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საქართველომ ამერიკელი პარტნიორებისგან მიიღო C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება.

„პირველივე ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, ,,საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით“. დღეს, გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - „ჰარვონი“, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა პაციენტებმა, რომელთაც მკურნალობის სრული კურსი გაიარეს, განიკურნნენ და მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს.

Print