საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით ქვეყნის მასშტაბით გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, თუ გაცდენათა რაოდენობა კონკრეტულ დაწესებულებაში აღემატება 20%-ს, დროებით შეწყდეს მისი ფუნქციონირება, სულ მცირე 3 სამუშაო დღის მანძილზე, რაც პირობადებულია გრიპის ყველაზე გავრცელებული ინკუბაციური პერიოდით.

„ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;
კონტაქტური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.
გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.
სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები კი ასეთია:
გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში;
შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები.
სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები,“- ნათქვამია განცხადებაში.

Print