საზოგადოება
პაატა იმნაძე: "ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა, თუმცა გავრცელების რისკი ნაკლებია"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა, თუმცა მისი მტკიცებით, დაავადების გავრცელების რისკი ნაკლებია, ვინაიდან სამხრეთ ამერიკაში საქართველოს მოსახლეობა მასიურად არ დადის.

"ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა გადამტანებზე ზედამხედველობას და შარშანწინ აღმოჩნდა პირველად ბათუმის შემოგარენში, საბურავების ერთ-ერთ საწყობში ამ სახეობის - Aedes-ის ტიპის კოღო. ყოველწლიურად ვახორციელებთ ამის შესწავლას. შარშან უკვე ზუგდიდის შემოგარენში იყო ასევე საბურავების საწყობში. ხაზს ვუსვამ, რომ არც ერთ ქალაქში არ არის ეს კოღო", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, პრევენციის მიზნით მოსახლეობა უნდა მოერიდოს ბრაზილიაში მოგზაურობას, წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა საჭიროა კოღოს მიკარების საწინააღმდეგო წამლის წასმა.

„ასევე უნდა მოვერიდოთ კოღოს გასამრავლებელი ადგილების შექმნას, მაგალითად როგორიც არის წყლით სავსე ჭურჭელი ეზოში და ა.შ.“, - დასძინა იმნაძემ.

ცნობისთვის, ზიკას ვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ, 2015 წელს ბრაზილიაში, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. ყველაზე დიდ საშიშროებას ვირუსი ორსული ქალებისთვის წარმოადგენს, რადაგან ის ახალდაბადებულებში მიკროცეფალიით დაავადებას იწვევს. ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.
Print