საზოგადოება
პროგრამა "ქართული ჩაის" პრეზენტაცია ზუგდიდში
დღეს ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში პროგრამის "ქართული ჩაი" პრეზენტაცია გაიმართა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მხარდაჭერისა და განვითარების უფროსმა მიხეილ კუჭავამ, პროგრამის "ქართული ჩაი" მენეჯერმა ლევან უროტაძემ და სამეგრელოს-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ კოოპერატივებს და ფერმერებს პროგრამა "ქართული ჩაი" გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

"მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ამისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები", - აცხადებენ პროგრამის ხელმძღვანელები.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობამ ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების პროგრამა "ქართული ჩაი" დაამტკიცა.

Print