საზოგადოება
დევნილი ოჯახებისთვის სესხის დაფარვის პროგრამა გაგრძელდება
23 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხი დაეფარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების მოთხოვნა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.

"მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება პროექტის მესამე ეტაპი და განაცხადების მიღება 31 მარტამდე გაგრძელდება", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი. პროექტის პირველ ეტაპზე სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფინანსდა.


Print