საზოგადოება
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 6 მებრძოლს სამების საკათედრო ტაძრიდან დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 4 ცხედარს კი საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ. დღეს კი ათივე ქართველ გმირს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილთა ნეშტებია დასვენებული.

სოზარ სუბარის თქმით, უკვე გადმოსვენებულთა ნეშტებიდან დაახლოებით 12-ის ამოცნობა მოხდება უახლოეს პერიოდში, ხოლო შემდეგ უკვე 20-ის იდენტიფიცირებას ელოდებიან.

მინისტრმა ჟურნალისტებს უკვე იდენტიფიცირებულთა გვარები გააცნო, რომლებსაც დღეს დაკრძალავენ: ბარბაქაძე ავთანდილი, ჭელიძე გოჩა, გამგებელი ბადრი, გოცირიძე ელგუჯა, ყაყაჩოველი ზაქარია, ხაინდრავა ემზარი, ოქრუაშვილი ზურაბი, ჟორჟოლიანი დავითი, დაჩიბერიძე ავთანდილი და სოლოღაშვილი დავითი.

"ბუნებრივია, ისინი დღემდე მშობლიურ მიწაში განისვენებდნენ, უბრალოდ არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. მათ მშობლებს, შვილებს და ოჯახებს არ შეეძლოთ მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილებისთვის. დღეიდან გვეცოდინება სად არიან დაკრძალული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და მათი ოჯახებისთვის. ეს პროცესი მიმდინარეობს და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის "წითელ ჯვარს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


Print