საზოგადოება
ლევან შონია: 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელსაც რადიო"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს მთელი საქართველო ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავისუფლებას. 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები მომავალი თაობებისთვის, მათი გმირობა მისაბაძია არამხოლოდ ახლა, ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც. 9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო. 1989 წლის აპრილის საშინელ ღამეს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდა, მარტვილის მკვიდრი აზა ადამია შეიწირა, რომელიც ჩვენი დროის გმირია. აზა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ის მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. მე ქედს ვიხრი აზა ადამიას დედის წინაშე გმირი შვილის აღზრდისთვის და ქედს ვიხრი ყველა იმ გმირების ოჯახების წინაშე ვინც 27 წლის უკან თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, - ნათქვამია ლევან შონიას განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Print