საზოგადოება
გარდაიცვალა მოკრივე მუჰამედ ალი
74 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი. ოჯახის წარმომადგენლის ცნობით, ალი პარასკევს გარდაიცვალა აშშ-ის არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსის საავადმყოფოში, სადაც წინა დღეს მოათავსეს სასუნთქი სისტემის დაავადებით. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობას ართულებდა პარკინსონის დაავადება, რომელიც ალის ჯერ კიდევ 42 წლის ასაკში დაუდგინეს.

მან სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, იყო რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ხანგრძლივი პროფესიული კარიერის მანძილზე, 1964-დან 1981 წლამდე ჩატარებული 61 ბრძოლიდან მან 56 მოიგო.

1967 წელს კარიერის ზენიტში მყოფი, 25 წლის ალი სამწელიწადნახევრით ჩამოაშორეს სპორტს (იმ დროისთვის პროფესიულ რინგზე ჩატარებული 29 ბრძოლიდან მას 29-ვე მოგებული ჰქონდა) და მსოფლიო ჩემპიონის წოდება ჩამოართვეს. ამის მიზეზად იქცა სპორტსმენის უარი, ემსახურა აშშ-ის ჯარში, რომელიც იმხანად ომს აწარმოებდა ვიეტნამში.

ალის მშობლიურ ქალაქ ლუივილში (კენტუკის შტატი) დაკრძალავენ.
Print