საზოგადოება
აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის წევრებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით რეკომენდაციების შესაბამისად უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ასევე, ხაზი გაესვა ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ მოქმედებასა და პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად.

რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მოკლე ხანში განხორციელებულ ღონისძიებებს შეხვედრის მონაწილეთა მიერ პოზიტიური შეფასება მიეცა.
Print