საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი- ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას აღვადგენთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება საუკეთესო ევროპული პრაქტიკით უნდა აღდგეს.

მან საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა იყო. ახლა მთავრობას კი აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს.

"ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

Print