საზოგადოება
მედია მონიტორინგის ფარგლებში რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი 8 ივნისიდან დაიწყო. კომისია ოთხი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში 52 ტელეკომპანიას დააკვირდება. ამ პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი იქნება - წინასაარჩევნო რეკლამა, წინასაარჩევნო დებატები, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, წინსაარჩევნო აგიტაცია.

პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც 8 ივნისიდან 8 ივლისამდე დაკვირვების პროცესს გულისხმობდა, რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის არის მედია კავშირი "ობიექტივი", სადაც ერთ-ერთი გადაცემის "პოლიტიკური ღამის" წამყვანი ვალერი კვარაცხელია, ასევე არის ცესკო-ში რეგისტირებული საარჩევნო სუბიექტის "კვარაცხელია -სოციალისტების" თავმჯდომარე, რაც მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად დარღვევაა, რადგან პოლიტიკური პარტიის, როგორც წამყვანის გადაცემაში მონაწილეობა იკრძალება. ასევე კომისიაში "რუსთავი 2"-სა და "ტაბულას" არ წარმოუდგენიათ ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამისა და აგიტაციისთვის გამოყოფილი დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების შესახებ. ამ თემაზე კომისიაში ადმინისტრაციული მოკვლევა მიმდინარეობს.


Print