საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა.
Print