საზოგადოება
Bloomberg: „კუპიურების ოსკარზე“ 50-ლარიანი წარადგინეს
ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოებამ (IBNS) 2016 წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსი გამოაცხადა, - იუწყება Bloomberg. წარდგენილ კუპიურებს შორის ქართული 50-ლარიანია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართული კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით.

კონკურსზე ასევე წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის, ავსტრალიური 5-დოლარიანის, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის და მალდივის კუნძულების 1.000 რუფიას კუპიურები.

ქართულ 50-ლარიან კუპიურასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“. მას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები.

ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოება დაარსდა 1961 წელს. 2005 წლიდან ის ატარებს წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსს.
Print