საზოგადოება
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა
მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე,უწყების ინფორმაციით, სამართალამდაცავები, კერძოდ, დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე დაკავებული ფოტოგრაფების - ირაკლი და ნათია გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძის და გია აბდალაძის მიმართ გამუდმებულ ფსიქილოგიურ ზეწოლას და შანტაჟს ახორციელებდნენ.

პროკურატურის  ცნობით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. 

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე ვადით.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.


Print