საზოგადოება
სახალხო დამცველი სკოლებში წყლის ხარისხის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველმა საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო და ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა. პასუხების მიხედვით, საჯარო სკოლებიდან სასმელი წყლის 129 გამოკვლეული სინჯიდან 45 არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემაც გამოავლინა.

"სახალხო დამცველი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
Print