საზოგადოება
საქართველო 450 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა.

დაფინანსების უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების დონეს გაუუმჯობესებს. 

საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია EIB-ის რეგიონული ოფისის ფუნქციონირება საქართველოში, რაც ბანკის საინვესტიციო საქმიანობისა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დოკუმენტებს ხელი ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპავუორიმ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.
Print