საზოგადოება
7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩაატარა.

ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა “ალილო“ დღეს ზუგდიდშიც გაიმართება. მსვლელობა 12 საათზე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და ქალაქის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველები მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. 

Print