საზოგადოება
შსს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 1-ელი ივლისიდან არ შეიცვლება. ასევე არ იცვლება  მათი შემოწმებისა და ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე რეაგირების წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის მიდგომა გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ. თუმცა სამინისტრო გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშულებების მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მოახდინონ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სისტემების შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების აღება, რადგან ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ ამ სფეროში ადმინისტრირება გამკაცრდება.

”სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით განვმარტოთ, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და ეს მიდგომა გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ. დღეის მდგომარეობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ექსპლუატაციის წესების დარღვევა) დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად სახეზეა გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა. აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. გამართული ტექდათვალიერების სისტემის გარეშე, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა აღსრულების სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მექანიზმს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, გარდა ზემოაღნიშნული ორი შემთხვევისა (ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობით გამოწვეული აშკარა საფრთხე და სავალდებულო ტექდათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მოთხოვნების დარღვევა) არ განახორციელებს 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისად, არ მოხდება ამ მძღოლებისათვის ქულების შემცირება“ , -ნათქვამია განცხადებაში.

Print