საზოგადოება
მინისტრი: აზიური ფაროსანა პროტეინის წყაროა და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმა, ინდაურებმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, აზიური ფაროსანა არის პროტეინის წყარო და მისი ჭამა ქათმებს, ინდაურებს და სხვა ფრინველებსაც შეუძლიათ. ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფაროსანათი კვების შემდეგ შინაური ფრინველების ხორცის ვარგისიანობას ეხება.

„რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნსა და ფერს, ეს არის ინდივიდუალური აღქმის საგანი. ზოგადად, რა საკვებსაც მიირთმევს ესა თუ ის ცხოველი ან ფრინველი, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ხარისხობრივ თვისებებს, ამიტომ ეს ინდივიდუალურად შესაფასებელია“, -  აღნიშნა დავითაშვილმა.

აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

Print