საზოგადოება
სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება
კორონავირუსთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე  ცნობით, პროფილაქტიკის მიზნით სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

„იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის რესურსცენტრში აღნიშნულთან დაკავშირებით  ინფორმაცია და ახალ რეკომენდაციებს ელოდებიან.


Print