საზოგადოება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ჩასახლებულ დევნილებს პირბადეებს დაურიგებენ
ასოციაცია "იმედმა" პირბადეების დასამზადებელი საჭირო მასალა შესაკერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ დევნილებს გადასცა. დამზადებული პირბადეები კი გამყოფი ხაზის სოფლებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში დარიგდება. პროექტი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქრისტინა კილანავას თქმით, პირბადეებს ასოციაციასთან არსებული „ქალთა სამშვიდობო ქსელის“ წევრი შეკერავენ, რომლებიც გაწეული შრომისთვის მცირე ანაზღაურებას „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (IOM - UN Migration) მხარდაჭერით მიიღებენ.
„დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას ორგანიზაციის მისიიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ასოციაციას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებთან, ასევე არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ, ასოციაციამ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისთან (Tika), რომელმაც ორგანიზაციას გადასცა პირბადეების დასამზადებლად საჭირო მასალა შესაკერად და დევნილებისთვის გადასაცემად“, - აღნიშნა ქრისტინა კილანავამ.

ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ პირბადეების შესაკერად საჭირო მასალის დარიგებაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები დაეხმარნენ.

„ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს, მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაციის გუნდის წევრს, შორენა ქეცბაიას, რომელმაც თბილისიდან ჩამოტანილი მასალა საკუთარი ძალებით დააფასოვა და გაამზადა დევნილი ქალებისთვის გადასაცემად“,- ამბობს "იმედის" ხელმძღვანელი. 

პირბადეების დარიგება გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მომდევნო კვირებში დაიწყება.



Print