პოლიტიკა
მერაბ ქვარაია: „ზუგდიდის საკრებულო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული საკრებულოა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ეხმაურება , რომელიც მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საკრებულოსთან, როგორც საზედამხედველო ორგანოსთან, მიმართებაში ორგანიზაციის შეფასება არასწორია.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნა, „არასამთავრობო სექტორთან უწყებას ყოველდღიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის ასობით სხვადასხვა აქტივობის მიმართულებით და მისთვის გაუგებარია ის შეფასებები, რომელიც ორგანიზაციამ საკრებულოს მისამართით ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააკეთა“.

“ მსგავსი შეფასება ჩემთვის მოულოდნელი იყო, იგი კონტექსტიდან ამოგლეჯილს გავს. ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა "საქართველოს" ზუგდიდის ოფისთან ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ და მით უფრო გაუგებარია ეს მოულოდნელი შეფასება. კარგი იქნებოდა,თუ ორგანიზაცია ასეთი შეფასების გაკეთებისას უფრო გარკვევით და მკაფიოდ განმარტავდა,რას გულისხმობს. ამ შეფასების რეალობასთან დაკავშირება მიჭირს. თუმცა, საკრებულოს წევრებთან ერთად ამ კვლევას შედეგებს აუცილებლად გავეცნობი და განვიხილავთ, გავაანალიზებთ, ვთვლი, რომ კრიტიკა აუცილებელი და სასარგებლოა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი. ვფიქრობ და საფუძვლიანად მიმაჩნია,რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საკრებულოა. დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ზუგდიდის საკრებულო ამ და სხვა მრავალი მიმართულებით იყოს ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რგოლი. ვფიქრობ, აქ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ „ზუგდიდის, ქუთაისის და თბილისის საკრებულოები სუსტი საზედამხედველო ორგანოებია და მათი დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი“.

Print