პოლიტიკა
ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტი 18.957.200 ლარით განისაზღვრა
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით, 9 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, და სოციალური პროგრამებია.

ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არც ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი - 5 მილიონამდე ლარი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლის უარი კი უფასო სასადილოს 100 ათასი ლარით დაფინანსებამ გამოიწვია, რაც თენგიზ ხარჩილავას თქმით, არასაკმარისია.

„თავისუფალი დემოკრატები“ კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, რადგან ბაღების პედაგოგების ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ, რაც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ოპოზიციური ფრაქციების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, რომლისთვისაც აღნიშნული გადაწყვეტილებები გაუგებარია, რადგან მისივე თქმით, საკრებულოდან მიღებილი შენიშვნა ბიუჯეტის პროექტი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.

Print