პოლიტიკა
გუბერნატორი ლევან შონია ჩეხეთში შეხვედრებს მართავს
პოლონეთის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება. საქართველოს დელეგაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ხელმძღვანელობს.

გიორგი ამაშუკელთან და ლევან შონიასთან ერთად პრაღაში იმყოფებიან კახეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწფიო რწმუნებულები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და UNDP-ის წარმომადგენლები.

როგორც გუბერნატორის აპარატში განმარტავენ, საქართველოდან დელეგაციის სტუმრობის მიზანია, გაეცნონ ჩეხეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიული მოწყობის სისტემას და რეგიონული განვითარების სააგენტოების მუშაობის ზოგად პრინციპებს, გაიზიარონ ევროპული გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კუთხით, შეაფასონ დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ორგანოების ეფექტური მუშაობა.

სწორედ ამ მიზნით 22-23 დეკემბერს დელეგაციის ხელმძღვანელმა და გუბერნატორმა დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართეს ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან იოსებ ვლკისთან, საპარლამენტო ინსტიტუტის დირექტორთან შტეფან პეხაჩეკთან, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის პრეზიდენტთან ივან ჩერნისთან, ქალაქ დობრჟანის მერთან მარტინ სობოტკასთან.
Print