პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ახალი შემადგენლობით დამტკიცდა
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

მთავრობას, რომლის მეთაური საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა, ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 კი წინააღმდეგი წავიდა.

გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" არ დაუჭირეს.

როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა, სადაც მინისტრის პოსტი მიხეილ ჯანელიძემ დაიკავა.

დღესვე ახალმა პრემიერმა რამდენიმე ცვლილებაზე ისაუბრა. კერძოდ, კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყანას ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება, ერთი მოქმედი - ენერგეტიკის ინისტრი კახი კალაძე და მეორე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
Print