პოლიტიკა
ამერიკის ელჩი: „საქართველომ უნდა იზრუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირებაზე“
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე.
„საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მთავრობის წევრების განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრო პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან", - განაცხადა იან კელიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს თავის ენერგო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად ნორმალურია "გაზპრომთან" ურთიერთობა მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ამერიკელი დიპლომატი ფიქრობს, რომ "საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს".

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.


Print