პოლიტიკა
"ეს შენ გეხება" სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ფარულ ჩანაწერებთან ითხოვს
კამპანია "ეს შენ გეხება" პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხის გამოძიების მიზნით სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ითხოვს. შესაბამისი განცხადება კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

"ჩვენ მოვითხოვთ კითხვებზე პასუხებს, თუ რა კეთდებოდა ფარულ ჩანაწერებთან საბრძოლველად, ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებსა და შეცდომებს, რომლებიც ამ გზაზე იყო დაშვებული და სწორედ ამიტომ მივედით იმ მომენტამდე, სადამდეც მივიდა სახელმწიფო და საზოგადოება. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ეს მაღალი ნდობით არ სარგებლობს, ამიტომ მოვითხოვთ სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ამ ფაქტების და ზოგადად, ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით. ასევე დავსვამთ საკითხებს, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას", - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე შესაცვლელია კანონმდებლობა, ვინაიდან ის კანონი რომელიც მოქმედებს, სრულად ვერ იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

"პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხსაც დავაყენებთ, რომ რეფორმა, რომელიც სამართალდამცველ უწყებებში გატარდა, ვერ უზრუნველყოფს ამ უწყებების სრულ დეპოლიტიზირებას, გამჭვირვალეობას და დამოუკიდებლობას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Print