პოლიტიკა
დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე პროკურატურის ორგანოებიდან გათავისუფლეს მასზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მისი თანამდებობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინული მედიის ინფრომაციით, 2016 წლის 26 მარტს ოდესის ოლქის სახალხო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ტერიტორიული პროკურატურების ხელმძღვანელების მიმართვას დ.საყვარელიძის გათავისუფლების მოთხოვნით.

ხელმომწერების აზრით, ნახევარი წლის განმავლობაში დავით საყვარელიძეს არაფერი გაუკეთებია ოლქში კანონიერების და მართლწესრიგის განსამტკიცებლად, დანაშაულებების გახსნისა და გამოძიების თავლსაზრისით და თავის თანამდებობაზე ყოფნისას ის მხოლოდ და მხოლოდ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ საკააშვილის ინტერესებში მოქმედებდა.

თავის მხრივ, მასზე ზეწოლას დავით საყვარელიძე ე.წ. "ბრილიანტის პროკურორების საქმესთან" დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირებს, რომლის მთავარი ფიგურანტები კიევის ოლქის პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კორნიიცა და გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმირ შაპაკინია.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ უკრაინის გენპროკურატურის 15 თანამშრომელს, რომლებიც აღნიშნულ საქმეს იძიებდნენ, გათავისუფლების შესახებ უწყებები გაეგზავნათ.

დავით საყვარელიძე გენერალური პროკურორის მოადგილედ 2015 წლის 16 თებერვალს დაინიშნა.
Print